🛑ფერეიდნელებს 400 წელია ერთმანეთი არ მოუკლავთ?
ეს სიმართლეა! 400 წელია ფერეიდანში ქართველს ქართველი არ მოუკლავს!
🛑ირანში მილიონამდე ქართველია?
ეს არასწორია! ირანში 30 000–მდე ქართველი იქნება, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ქალაქ მარტყოფში 13 000 კაცი და თორელში 7 000 კაცი დანარჩენი ირანის სხვადასხვა ქალაქებში ისპაჰანი, თეირანი, მაზანდარანი და სხვა.
🛑ფერეიდანში იციან ქართული ენა და მაღაზიებზე წარწერები ქართულად არის?
ეს სიმართლეა, მაღაზიებს ხშირად ქართულადაც აწერია და ფერეიდნელებმა იციან ქართული ენა, ოღონდ ძველი ქართული, მაგალითად: ვუჭვრიტავ ნიშნავს ვუყურებ, ცხონდა ნიშნავს გარდაიცვალა, ქენ ნიშნავს თქვენ, გაქყე ნიშნავს გაქვთ, ბიჭსათი ნიშნავს ბიჭისთვის და ა. შ.
წერა–კითხვა კი უჭირთ. სწორედ წერა–კითხვის შესწავლაში მთხოვეს დახმარება 2015 წელს ფერეიდანში და 2016 წლიდან 2019 წლამდე თბილისში ფერეიდნელებისთვის ქართული ენის და ხალხური სიმღერების შემსწავლელი 12 პროექტი განვახორციელე.
🛑ფერეიდნელები უნდა ჩამოვასახლოთ არაქართულად დასახლებულ რეგიონებში?
ეს არასწორია! რადგან ფერეიდნელების აბსოლუტური უმრავლესობა ირანში ქალაქის მაცხოვრებელია და შესაბამისად მათ ასე რეგიონში ვერ ჩაასახლებ.
🛑ფერეიდნელებს არ აძლევენ მოქალაქეობას?
ეს სიმართლეა! არათუ მოქალაქეობას, ბინადრობასა და თანამემამულეობის სტატუსზეც სამწუხაროდ უარს ეუბნებიან და შაჰ–აბასის გზას აგრძელებენ, მეორედ აძევებენ ისტორიული სამშობლოდან, რაზეც ძალიან გულდაწყვეტილები არიან!
🛑ფერეიდნელები მუსულმანები არიან?
ეს არასწორია! მათი უმრავლესობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინათლება და უბრუნდება თავის რწმენას!
🛑ფერეიდნელებს უყვართ საქართველო?
ეს სიმართლეა! ფერეიდნელების აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს საქართველო, თუმცა არიან გამონაკლისებიც!
🛑ყველა ფერეიდნელს ავტომატურად ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა?
ეს არასწორია! აბსოლუტურ უმრავლესობას ეკუთვნის, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, არიან ზოგიერთი ისეთებიც, რომლებიც საქართველო დიდად არ აინტერესებთ და ზოგიც ირანის სპეცსამსახურების სამსახურშია, შესაბამისად, საქართველოს სპეციალურმა სამსახურებმა უნდა შეამოწმოს საქართველოს მოქალაქეობის მსურველის საქმიანობა. 2020 წელს ფერეიდნელებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თანამემამულეობის სტატუსს ირანელებიც იღებდნენ (ატყუებდნენ კომისიას რომ ფერეიდნელები იყვნენ). შევხვდი მაშინდელი კომისიის ხელმძღვანელობას და დახმარება შევთავაზე, მივეცი საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელების ტელეფონები, რომლებიც მზად იყვნენ კომისიას უხელფასოდ დახმარებოდნენ ირანელების გამოვლენის საქმეში. დიდი მადლობა გადამიხადეს, თუმცა ფერეიდნელებისთვის არავის დაურეკავს.
🛑ფერეიდნელები მხოლოდ ერთმანეთში ქორწინდებიან?
ეს სიმართლეა! საუკუნეების მანძილზე, მხოლოდ ქართველებზე ქორწინდებოდნენ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სწორედ ამის გამო მოხდა მათი იდენტობის დღემდე შენარჩუნება. ბოლო დროს ამ მხრივ სიტუაცია ოდნავ შეიცვალა, რაც დაკავშირებულია მათი ფერეიდნიდან სხვადასხვა ქალაქში მიგრაციით.
🛑ფერეიდნელებმა შეინარჩუნეს ადათ წესები და ქართული კულტურა?
ეს არასწორია! ფერეიდნელებმა შეინარჩუნეს ენა და იდენტობა, თავს თვლიან ქართველებად და იციან საკუთარი გვარი, ზოგიერთი სიმღერა, სხვა დანარჩენი, ქართული კერძების მომზადების ჩათვლით სამწუხაროდ შენარჩუნებული არა აქვთ.
🛑ფერეიდნელები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მივიდნენ საქართველოს საელჩოში და ომში წამოსვლა მოითხოვეს?
ეს სიმართლეა! რუსეთ–საქართველოს ომის დროს მოითხოვეს წამოსვლა და საქართველოს დახმარება ჯარისკაცებად, თუმცა საელჩომ უარი უთხრა.
🛑ფერეიდანში ქართულ გვარებს ატარებენ?
ეს არასწორია! ფერეიდანში ქართული გვარის ტარება აკრძალულია (იოსელიანის გარდა, რომელიც ირანული გვარის მსგავსად იანზე ბოლოვდება) თუმცა ყველა ფერეიდნელმა იცის საკუთარი გვარი (ონიკაშვილი, რამიშვილი, თორელი, გუგუნაშვილი, დავითაშვილი, თავაძე, იოსელიანი და სხვა…)
ზვიად ტომარაძე