ჩვენს შესახებ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო“ დაფუძნდა 2018 წლის 24 აპრილს

ორგანიზაციის ზოგადი პრინციპებია:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყე, წყალი, წიაღისეული და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფოს ან საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში.
  • სახელმწიფოში უნდა არსებობდეს შიდა ბაზრისა და ადგილობრივი წარმოების დაცვის პოლიტიკა. გარდა ამისა, საქართველო უნდა იყოს მწარმოებელი და არა მხოლოდ მომხმარებელი სახელმწიფო. სასიცოცხლოდ აუცილებელია „სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოების“ შექმნა, რაც გულისხმობს მოსახლეობის ადგილობრივი წარმოების კვების ძირითადი ნაწარმით უზრუნველყოფას.
  • ეთნო-კულტურული ბალანსის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით აუცილებელია სწორი საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება.
  • სახელმწიფოს ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს რეგიონების ურბანული და აგრარული განვითარება-გაძლიერება.
  • საქართველოს გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე ქართული ჯარი უპირველეს ყოვლისა უნდა პასუხობდეს ლოკალურ თავდაცვით ამოცანებს, უნდა გამოირჩეოდეს მაღალი ბრძოლისუნარიანობით და იყოს მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე ორიენტირებული.
  • სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მომავალი თაობების აღზრდაზე და განათლებაზე, რაც გამოიხატება პატრიოტული სულისკვეთების დანერგვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში.
  • აზარტული თამაშები, ნარკომანია და სხვა მსგავსი ანტისოციალური მოვლენები, როგორც საზოგადოების დეგრადაციისა და მრავალი ოჯახის გაღატაკების გამომწვევი მიზეზი მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს შესაბამისი კანონმდებლობით.
  • სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა ცხოვრების დონის რეალური მინიმალური სტანდარტი. ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, ჯანსაღ საკვებსა და უსაფრთხო გარემოზე.
  • ქვეყნის გარედან მიზანმიმართულად თავსმოხვეული ნებისმიერი იდეოლოგიური პროპაგანდა დაუშვებელია და სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს აღკვეთილი.
  • ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს ეროვნული კულტურისა და სპორტის მხარდაჭერა.
  • სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ძლიერი სახელისუფლებო ვერტიკალით, უნდა აღსდგეს საპრეზიდენტო მმართველობა, ხოლო პარლამენტი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 100 დეპუტატისგან, რომლებიც არჩეულნი იქნებიან მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაწყვიტოს ხალხმა, რეფერენდუმის გზით.

საქართველოში დღეს არსებული კრიზისისა და სიღარიბის გამომწვევი მიზეზებია წლების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებების  მიერ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება, ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა და ბუნებრივი რესურსების გაყიდვა. საქართველოს გააჩნია სტატეგიული მდებარეობა, წიაღისეული, ბუნებრივი რესურსები და სხვა ყველა პირობა იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული და მდიდარი სახელმწიფო! 3,7 მილიონიანი ქვეყნის ფეხზე დაყენებას მხოლოდ სურვილი და მონდომება სჭირდება!