“დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი პრობლემა სახელმწიფოს მმართველობის არსებული მახინჯი მოდელია. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთან საპრეზიდენტო მოდელმა არ გაამართლა, ამიტომ უნდა დავრჩეთ იმ სისტემაზე, რაზეც ვართ. ეს იგივეა, მაგალითად კომპანიაში ხელმძღვნელმა ვერ ივარგა და ამიტომ კომპანია კოლექტიურ მმართველობაზე უნდა გადავიდეს, ან სუფრაზე თამადა არ ვარგა და თამადობის ინსტიტუტი გავაუქმოთ. თუნდაც რომი გავიხსენოთ, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს რომში 6 თვით ირჩევდნენ დიქტატორს, რადგან ქვეყნის დალაგება უფრო მარტივია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელშია თავმოყრილი, ერთი პიროვნების ხელში განკარგულებებისა და იდეების რეალიზება სწრაფად ხდება. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან დღევანდელი სისტემა მუდმივი ქაოსის გარანტიაა, ხოლო საპრეზიდენტო სისტემით გვაქვს შანსი, სათავეში ხალხის მიერ მხარდაჭერილი ძლიერი ლიდერი მოვიდეს, რომელიც ძირეულად შეცვლის და კრიზისიდან გამოიყვანს სახელმწიფოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საპრეზიდენტო მოდელზე როგორც კი გადავალთ, პირველივე პრეზიდენტი აუცილებლად გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან, მაგრამ საპრეზიდენტო მოდელით ამის შანსი გვაქვს, დღევანდელი მოდელით კი შანსი არ გვაქვს. მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ, ქვეყნების კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი წინსვლა ყოველთვის ძლიერ მეთაურს უკავშირდება. ქვეყანას უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი, არა ვინმეს მიერ დანიშნული, არამედ ხალხის მიერ არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი.”

19/07/2021 წ. ინტერვიუ გაზეთი “ალია”